რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად Zrda ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით Zrda-ს ძირითადი რეგიონებია სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო და თუშეთი, თუმცა საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობოს ხელშეწყობა სამიზნე რეგიონებში კვლავ რეჩება პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად. Zrda, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და რეგიონებში საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს რეგიონში ტურიზმის განვითარების მოდელის შემუშავებას უწყობს ხელს. მოდელი ორიენტირებულია აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურული ტურიზმის განვითარებაზე და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას აღნიშნული რეგიონების ტურისტული პოტენციალის უკეთ წარმოსაჩენად.
♦ ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარება: Zrda-მ საქართველოს წამყვანი ტურ-ოპერატორებისათვის, შეიმუშავა და განახორციელა საინფორმაციო ტურები სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში და თუშეთში, დაეხმარა მათ ახალი ტურისტული მარშრუტების აღმოჩენაში და ხელი შეუწყო ახალი პროდუქტების განვითარებას, რომლებიც ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. აღნიშნულმა ინიციატივამ დადებითად იმოქმედა ადგილობრივ მეწარმეებზეც - მეტად დაიტვირთა სასტუმროები, კვების ობიექტები, მუზეუმები და სხვა ტურისტული ღირსშესანიშნაობები, რამაც თავისთავად შემოსავლების მკვეთრი ზრდა გამოიწვია და მოხერხდა 1.2 მილიონი აშშ დოლარს გაყიდვების გენერირება. ასევე წაახალისა მეწარმეები მათი ბიზნესები და მომსახურება გაეუმჯობესებინათ და საერთაშორისო სტანდარტებზე მიახლოებული გაეხადათ, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები რეგიონში.
♦ სათავგადასავლო ტურიზმი/მარშრუტების განვითარება - სათავგადასავლო საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, Zrda-მ ლაშქრობების, კემპინგის, ჯომარდობისა და კანიონინგის მიმართულებით 60 გიდი გადაამზადა. ასევე დამატებით, Zrda-ს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მარკირებული 42 საფეხმავლო მარშრუტის ამსახველი ელ-რუკების განთავსება საერთაშორის საძიებო სისტემაზე www.wikiloc.com, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს სათავგადასავლო ტურიზმით დაინტერესებულთა შორის.
♦ რეგიონული ფესტივალებისა და გამოფენების ხელშეწყობა: Zrda რეგიონულ ფესტივალებსა და გამოფენებს ბიზნესის, კულტურული და გასართობი ღონისძებების კუთხით მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან ისინი ადგილობრივი თემების წარმომადგენლებსა და მეწარმეებს საშუალებას აძლევენ მაქსიმალურად გაეზარდოთ შემოსავლები, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და შედეგად გაიუმჯობესონ პირობები. მაგალითად 2017 წლის ივლისში Zrda-მ ორგანიზება გაუწია და ჩაატარა ფესტივალი „ანაკლიობა“, მასში ჩართო 40-მდე სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელი, რომლებიც ფესტივალის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეესაბამებოდა საკურორტო ზონას.
♦ საოჯახო სასტუმროებისთვის ციფრული მარკეტინგის და რეკლამირების პაკეტის მიწოდება: Zrda-მ სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და და ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე საოჯახო ტიპის სასტუმროების და კვების ობიექტების მფლობელებისათვის დაგეგმა და განახორციელა ციფრული მარკეტინგის ტრენინგები. ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია დაერეგისტრირებინათ მათი ბიზნესი ისეთ ცნობილ საძიებო სისტემებში, როგორებიცაა: Booking.com, TripAdvisor, Airbnb. Zrda-ს ამ ინიციატივის შედეგად, დღეის მდგომარეობით, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთში, პანკისის ხეობასა და შიდა ქართლში 415 საოჯახო ტიპის სასტუმრო და კვების ობიექტი დარეგისტრირდა booking.com-ზე, Airbnb-ზე და TripAdvisor-ზე.
♦ ტრენინგები და პოტენციალის გაძლიერება საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებისათვის: Zrda-მ კომპანია Key Management Solutions (KMS)-თან თანამშრომლობით, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოს რეგიონში მდებარე მცირე და საშუალო სასტუმროებისა და საოჯახო ტიპის სასტუმროების მფლობელებისათვის განახორციელა ამერიკის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერტიფიცირებული ტრენინგ კურსი სასტუმრო ბიზნესის მართვის შესახებ. ტრენინგის 90-მა დამსწრემ შეისწავლა სასტუმროს მართვისა და მასპინძლობის ინდუსტრიის ზოგადი საკითხები, 60-მა მათგანმა კი გამოავლინა რა კურსის ფარგლებში შესწავლილი მასალის მაღალი ცოდნა, მიიღო AHLEI-ის სერტიფიკატი.
♦ ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაცია (DMO): 2017 წლის თებერვალში Zrda-მ, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებთან ერთად დააარსა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც არის სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია. მოდელი ყურადღებას ამახვილებს აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კუტურულ ტურიზმზე და პროცესში მონაწილე მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის განვითარებაზე. სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს ტურიზმის რეგიონული განვითარების ორგანიზაციის (DMO) ძირითად ნაწილს, საბოლოოდ კი ორგანიზაციაში შევა ყველა დაინტერესებული პირი კერძო თუ საჯარო სექტორიდან და ისინი განსაზღვრავენ რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დაადგენენ პრიორიტეტებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას, ასევე სამცხე-ჯავახეთში ეკონომიცური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობას. ტურიზმის რეგიონული განვითარების ორგანიზაცია (DMO) გაითვალისწინებს სამცხე-ჯავახეთის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის შესახებ უკვე არსებულ კვლევებს და ასევე თავს მოუყრის სხვადასხვა დონორებისა და სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტებს. გარდა ამისა, DMO ჩაატარებს რეგიონში ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობების (ისტორიული ადგილები, სანახაობები, მომსახურებები, პროდუქტები) არსებული მდგომარეობის ანალიზს. ახალი მიდგომების მოძიებისა და დანერგვის მიზნით Zrda-მ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ორგანიზება გაუწია სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარების პირველ რეგიონულ სიმპოზიუმს. სიმპოზიუმს 100-ზე მეტი ტურიზმის სექტორში ჩართული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტი დაესწრო, განისაზღვრა რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები და გამოწვევები. გამოიკვეთა პრიორიტეტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას, როგორც საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ტურისტულ რეგიონს, სადაც ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას ერწყმის ბუნების განუმეორებელი სილამაზე და სათავგადასავლო ტურიზმისთვის დამახასიათებელი უპირატესობები. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გადმოტანა-დანერგვის მიზნით, პროექტმა იმუშავა რუმინეთის არაკომერციულ ორგანიზაციასთან - სიბიუს ოლქის ტურიზმის ასოციაცია (SCTA), რათა გამოიყენოს რუმინეთის ის გამოცდილება, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ მიიღო ტურიზმის განვითარების სფეროში. 2017 წლის ოქტომბერში Zrda-მ, სამიზნე რეგიონებიდან, ტურიზმის სფეროში ჩართული საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები საინფორმაციო ტურზე რუმინეთში გაუშვა, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ პირველწყაროდან მიეღოთ ინფორმაცია ტურიზმის რეგიონული მართვის ორგანიზაციის (DMO) და მათ მიერ განხორციელებული ყველაზე წარმატებული მიდგომების შესახებ მთელ ევროპაში.
♦ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის პოტენციალის გაძლიერება: ტურიზმის სექტორის კიდევ უფრო მეტად განვითარების მიზნით, Zrda-მ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში არსებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების (TIC) გაუმჯობესებისათვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტა. ერთობლივი ინიციატივა ემსახურება ცენტრების მუშაობის მეთოდების გაუმჯობესებას და შესაბამისი პერსონალის მოძიებას, რათა მათ შეძლონ ხარისხიანი მომსახურების მიწოდება რეგიონში შემოსული ტურისტებისათვის. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გადმოტანა-დანერგვის მიზნით, Zrda-მ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოიწვია ტურიზმის განვითარების სფეროში მომუშავე საერთაშორისო კონსულტანტი, რომელმაც განახორციელა საველე ვიზიტები ყველა ზემოჩამოთვლილ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, შეაფასა ისინი და შეიმუშავა სპეციალური სახელმძღვანელო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ასოციაციისათვის და რეკომენდაციები ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისათვის. Zrda, აღნიშნულ ცენტრებში სამომავლოდ ჩაატარებს ტრენინგებს შემოსავლების გენერირებისა და წერითი უნარ-ჩვევების დახვეწის საკითხებზე.
♦ საერთაშორისო ფესტივალებში და გამოფენებში მონაწილეობა: ბაზარზე უკეთესი პოზიციონირებისა და სამიზნე რეგიონებში მეტი ტურისტის მოზიდვის მიზნით Zrda ეხმარება და უზრუნველყოფს დაინტერესებულ პირთა მონაწილეობას მსოფლიოს უდიდეს ტურიზმის გამოფენებში. 2017 წლის მარტში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი პირველად წარსდგა ITB ბერლინზე, რომელიც არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტურისტული გამოფენა და ფარავს 5 კონტინენტის 187 ქვეყანას. შედეგად 20-ზე მეტი ტურ-ოპერატორი და მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენელი, მათ შორის: Hirschfeld, Renard International, Meeting Masters Inc., დაინტერესდა რეგიონის ტურისტული პოტენციალით, რამდენიმე პოლონურმა კომპანიამ პირდაპირ საქმიანი წინადადება შესთავაზა სამეგრელოს რეგიონის წარმომადგენლებს ექპედიციისა და სათავგადასავლო ტურების განხორციელებასთან დაკავშირებით. ასევე ფესტივალ GEM Fest-ის ორგანიზატორები ახორციელებენ მოლაპარაკებებს ევროპელ ტურ-ოპერატორებთან რათა დააკმაყოფილონ მათი ყველა მოთხოვნა ზაფხულის სეზონზე შავ ზღვაზე გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე დასწრებასთან დაკავშირებით.
1. ტურ-ოპერატორების & მედიის წარმომადგენელთა ინფო-ტურები კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის: Zrda საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურიზმის სექტორში მომუშავე სხვა წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით გეგმავს კულტურულ ტურიზმთან დაკავშირებული ახალი, ფართოდ მოთხოვნადი პროდუქტების შექმნას და პოპულარიზაციას.
2. სათავგადასავლო ტურიზმი/მარშრუტების შემუშავება: Zrda ხელს შეუწყობს ისეთი სათავგადასავლო აქტივობების შექმნა-განვითარებას როგორებიცაა: ლაშქრობა, ცხენოსნობა, ჯომარდობა და კანიონინგი, იმუშავებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა მოახდინოს პროდუქტის რეკლამირება, ასევე საქართველოს, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის ცენტრის პოპულარიზაცია.
3. საოჯახო მომსახურება: საოჯახო მომსახურება მიზნად ისახავს მასპინძლობის ინდუსტრიაში ამ ტიპის მომსახურების შემოღებას და დამკვიდრებას, რაც ძირითადად Zrda-ს სამიზნე რეგიონებში არსებულ განთავსებისა და კვების სექტორის წარმომადგენლებს შეეხება. აღნიშნული მომსახურების ფარგლებში ისინი სტუმრებს მათზე მორგებულ, მრავალფეროვან სერვისებს შესთავაზებენ, რითაც მოიზიდავენ ოჯახებით დასვენების მოყვარულ ტურისტებს და გაზრდიან გაყიდვებს.
4. ტურიზმის სფეროში მომუშავე სუბიექტების საჭიროებების შეფასება და ტრენინგების პროგრამა: Zrda საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ხელს შეუწყობს, პროექტის სამიზნე რეგიონებში არსებულ ტურიზმის სფეროში მომუშავე სუბიექტების პოპულარიზაციას და გადამზადებას რათა დაეხმაროს მათ სერვისების გაუმჯობესებაში, საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებაში და შედეგად მეტი შემოსავლების მიღებაში.
5. სოფელ ჭაჭკარის განვითარების პროექტი: სოფელ ჭაჭკარის განვითარება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თი-ბი-სი ჯგუფის და „ქართული სახლის“ ერთობლივი პროექტია, რომელსაც რეგიონში აგრო და კულტურული ტურიზმის განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია. Zrda აღნიშნულ ინიციატივას მხარს უჭერს და ეხმარება სოფლის განვითარების გეგმის და მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და პოპულარიზაციაში.
6. კულინარიული წიგნი: ახლად ჩამოყალიბებული სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის განვითარების სამუშაო ჯგუფის პირველი ინიციატივა, ადგილობრივი კერძების რეცეპტების წიგნის - „მესხური სამზარეულოს“ შექმნაა, რაც რეგიონში შემოსული ნებისმიერი სტუმრისთვის ბრწყინვალე სუვენირი იქნება. დასურათებული წიგნი 20-მდე რეცეპტს გააერთიანებს და გადაითარგმნება ინგლისურ და რუსულ ენებზე.